IDF 2009 SF: Intel-მა მუშა Larrabee წარმოადგინა!
გასული საუკუნის 90-იან წლებში გრაფიკული ჩიპების მწარმოებლების ბაზარზე რამდენიმე მძლავრი კომპანია "გარდაიცვალა." ერთი მეორემ იყიდია, გაჩნდნენ ახლები და ა.შ. რეალურად, ბაზარს ბოლოს მხოლოდ ორი - ATI და NVIDIA შემორჩნენ. მოგვიანებით ATI პროცესორების მწარმოებელმა მწვანე გიგანტმა - AMD-მ შეისყიდა. მიუხედავად იმისა, რომ AMD-ს დიდი ბრძოლა ჰქონდა გამართული Intel-თან, სადაც თითქმის ყველა ფრონტზე აგებდა, ATI-მ მოახერხა და HD 4000 სერიის ვიდეო დაფების გამოშვებით AMD-ს წარმატებებს დაუდო სათავე. მანამდე კი, Intel-ის მზერას არ გამორჩენია იაფიანი კომპიუტერებისა და ლეპტოპების ბაზარი, სადაც ძლიერი ვიდეო დაფები საჭირო არ იყო. სწორად შერჩეული სტრატეგიის ხარჯზე Intel-ის ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერები დღეს დომინანტურ პოზიციაში იმყოფებიან - ნეტტოპების, ლეპტოპებისა და იაფიანი კომპიუტერებისა და სერვერების ბაზარზე. თითქოს ბაზარზე ყველას თავისი ადგილი ეკავა, თუმცა, NVIDIA-მ ახალი შესაძლებლობების გამოყენება გადაწყვიტა - ახალი Ion პლატფორმითა და მობილური გრაფიკული ადაპტერებით NVIDIA ინტეგრირებული ვიდეო დაფების ბაზარზე შეიჭრა და Intel-ის პოზიციებისთვის წყლის შეყენება სცადა. გუშინ კი AMD-მ პირველი DirectX 11-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო დაფები წარმოადგინა და ბაზარზე ამ მხრივ ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდა. NVIDIA-ს "პასუხი" მომავალ წლამდე არ იქნება... Intel-ი კი... მგონი ამ კომპანიას არ დარჩენია სფერო, სადაც თავისი პროდუქცია არ აქვს წარმოდგენილი. 2010 წლის პირველ ნახევარში ლურჯი გიგანტი ჰაი-ენდ დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე შესვლას და NVIDIA-სა და AMD-სთვის გვირგვინების ჩამორთმევას აპირებს. ალბათ გაგიგიათ Larrabee - სწორედ ისაა Intel-ის საიდუმლო იარაღი.
Larrabee საზოგადოებამ პირველად 2008 წლის აგვისტოში ნახა, დღეს კი ის რეალობაა. გუშინ Intel-მა სან ფრანცისკოში მიმდინარე IDF-ზე საზოგადოებას Larrabee-ის მუშა მოდელები წარუდგინა. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. 32 ნმ Westmere ტექნოპროცესზე დამზადებული გრაფიკული ჩიპი პრეზენტაციისას საკმაოდ იოლად არენდერებდა Enemy Territory: Quake Wars-ის სცენას, რეიტრეისინგის საშუალებით. რეიტრეისინგი უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც რასტერიზაციის შემცვლელი, რომელიც დღევანდელ თამაშებში გამოიყენება. აი რეიტრეისინგი კი ჰაი-ენდ პროდუქტია - ჰოლივუდის ფილმები ულამაზესი სპეც-ეფექტებით... დიახ, ის, რაც თქვენს თვალს ხიბლავს, რეიტრეისინგია. პრეზენტაციაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ წარმოდგენილი მუშა მოდელი სიმძლავრით NVIDIA GeForce GTX 285-ის ტოლი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ AMD/ATI-ს ახალი ვიდეო დაფები GTX 285-თან შედარებით გაცილებით ძლიერები არიან და ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ NVIDIA-ს DirectX 11 "პასუხიც" სავარაუდოდ არ იქნება წარმადობით ATI-ს 5800 სერიაზე ნაკლები, საინტერესოა - რამდენი Larrabee-ს განთავსება შეუძლია Intel-ს ერთ გრაფიკულ ადაპტერზე, როგორი იქნება ენერგომოხმარება, რა მეთოდით "გადაებმება" რამდენიმე Larrabee ვიდეო დაფა ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, საინტერესოა ფასიც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ Larrabee-სა და თანამედროვე ვიდეო დაფების დაპირისპირება, ისეთი როგორიცაა NVIDIA GeForce GTX 285, ცოტა არასწორია. საქმე იმაშია, რომ - უპირველესად, Larrabee x86 არქიტექტურის მხარდაჭერით მუშაობს, მეორეც - Larrabee იყენებს ე.წ. tile-based რენდერინგს ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა Z-Buffering-ი, კლიპინგი და ბლენდინგი. ამ ყველაფერს კონკურენტები აპარატურაზე ამუშავებენ, Larrabee-ი კი პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით დაამუშავებს. და მესამე - Larrabee-ს ყველა ბირთვი მიბმული და დამოკიდებული კეშ-მეხსიერებაზე. თეორიულად, ეს ყველაფერი Larrabee-ს გაცილებით იოლად პროგრამირებადს ხდის, ვიდრე დღევანდელი ვიდეო დაფებია. საინტერესოა, რომ ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერისთვის Larrabee-ს გამოცვლა არ დაგჭირდებათ. მაგ, თუ DirectX 12-ის მხარდაჭერის მისაღებად მომავალში ახალი ATI/NVIDIA-ს ვიდეო დაფის ყიდვა დაგჭირდებათ, Larrabee-ს შემთხვევაში მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება იქნება საჭირო. Larrabee ბაზარზე 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა, შესაბამისად, ჯერ კიდევაა დარჩენილი დრო გრაფიკული ადაპტერის დასახვეწად. გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად Intel-ი პარტნიორ კომპანიებს არჩევს, რომლებიც ვიდეო დაფებს გამოუშვებენ. გარდა ამისა, IDF-ზე ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს Intel-ი დიდ ნახტომს გააკეთებს ინტეგრირებული გრაფიკის ბაზარზეც და რეალურ კონკურენციას გაუწევს NVIDIA Ion-საც. ასევე, მზადდება SoC (System-on-a-Chip) პაკეტი, რომელზეც Larrabee და x86 პროცესორი ერთად იქნებიან განთავსებული. ეს პაკეტი ძირითადად მობილური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ბეჭდვითი ვერსია | 24-09-2009, 19:53:00 | Power_VANO |
|
ნეტა რა ეღირება