ჩვენს მკითხველებს ახსოვთ Google Picasa–ს
მესამე ვერსიის ბეტა, რომელმაც ერთი რევოლუციური ფუნქცია მოიტანა – სახის ამოცნობა. პროგრამა საშუალებას იძლეოდა, აგვეტვირთა ჩვენი საყვარელი ფოტოები გუგლის სერვერებზე, იქ კი სპეციალური ალგორითმი მათში სახეებს ამოიცნობდა და განასხვავებდა კიდეც. ანუ, თუ ალგორითმს ერთხელ "გააცნობდით" თქვენს სამეგობროს, ის ყველა ახალ სურათზე თავისით შეძლებდა მათ ამოცნობას და სურათების შესაბამისად დატეგვას.
ლამის იდილიური სიტუაციაა, ერთი წვრილმანი რომ არ გვიშლიდეს ხელს – საჭირო იყო სურათების სერვერზე ატვირთვა, სხვა შემთხვევაში სახის ამოცნობის ფუნქციას ვერ მიიღებდით. არადა, ზოგს სულაც არ უნდა სურათების ატვირთვა–გავრცელება, ზოგს კი ძალიანაც უნდა, მაგრამ ინტერნეტთან შეერთების სიჩქარე არ უწყობს ხელს (გეცნოთ?).
ამასობაში კი Picasa ვითარდებოდა და გუშინ გამოსულმა 3.5 ვერსიამ პირდაპირ პროგრამაში ჩაშენებული სახის ამოცნობა მოგვიტანა. ასე რომ, პარანიოდებისთვის და ნელი შეერთების მქონეებისთვის უკვე გვაქვს გამოსავალი – ჩამოტვირთეთ ახალი Picasa და გადაატარეთ ის თქვენს ფოტო კოლექციას.
Picasa–ს სხვა განახლებებიც აქვს: ჩაშენებული Google Maps საშუალებას მოგცემთ სურათებით გეო–ტეგირება (ანუ სურათის გადაღების ადგილის მითითება) სურათის პირდაპირ რუკაზე გადათრევა–დაგდებით განახორციელოთ, ასევე შესაძლებელია სურათების იმპორტის ფანჯარაში სურათების პირდაპირ (იმპორტირების გარეშე) ვებ–ალბომებში ატვირთვა.
ყველაფერი ეს ძალიან კარგადაა მიმოხილული ოფიციალური ვიდეორგოლში: