დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის
კარგი ბატონო პროგრამას ჯერჯერობით ეთითება რომ მინდა 21,4 გიგაბაიტის გამონთავისუფლება (სხვათაშორის ცვლილება მაშინათვე ძალაში არ შედის, ეს ასევთქვათ მონახაზია, რისი გაკეთება მსურს, თუ გადავიფიქრებ და ცვლილებების ძალაში შესვლა არ მინდა უბრალოდ დავაჭერ ღილაკს NO და ყველაფერი ისევ უცვლელი დარჩება). საქმე იმაშია რომ ამ კომპიუტერზე მინდა Linux-ი იყოს ალტერნატიული სისტემა, მასში იშვიათად ჩავიტვირთები, სტანდარტულ Linux-ს კი 5-10 გიგაბაიტზე მეტი არ სჭირდება, შესაბამისად თუ დავტოვებ 21,4 გიგაბაიტს, გამოვა რომ დარჩენულ ზედმეტ 10-11 გიგაბაიტს ტყუილა დავხარჯავ. ამ ადგილს Windows-ში ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ Windows-ი, Linux-ის დისკებს ვერ აღიქვავს, ხოლო თვითონ Linux-ში კი 21,4 გიგაბაიტი ნამდვილად არ მჭირდება. ესეიგი მოცულობა შესაცვლელი გვაქვს. ამიტომ თაგუნიას ისარს ისევ მივიტან D: დისკის მარჯვენა ზღვართან (დააკვირდით სურათს), ისევ შეიცვლება ისრის ფორმა, დავაჭერ თაგუნიას და ამჯერად ცოტათი გადავაადგილებ მარჯვნივ. სავარაუდოდ ისე რომ 10 გიგაბაიტამდე ადგილი დარჩეს. პირველივე ცდის შემდეგ ვიღებ შემდეგ განლაგებას, D: დისკი დარჩება 88.7გიგაბაიტი, ხოლო თავისუფალი სივრცე იქნება სავარაუდოდ 11,5 გიგაბაიტი. ჩემთვის ეს სავსებით მისაღებია. თუ თქვენ უფრო ზუსტად გინდათ ზომების დარეგულირება, მაშინ გამოიყენეთ პროგრეს ბარის ქვევით არსებული სამი ველი, ჩაწერეთ სასურველი მონაცემები იმისათვის რომ ოპტიმალურ მნიშვნელობებს მიაღწიოთ. როდესაც ყველაფერს დაარეგულირებთ დააჭირეთ ღილაკს OK. დაბრუნდებით პირველად ფანჯარაში, მაგრამ ამ დროს თქვენს მიერ ამორჩეული დისკის ზომა ფორმები ჯერ ძალაში არ არის შესული. ასევთქვათ ეს ისევ პროექტის დონეზეა დარჩენილი, თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ და გსურთ ცვლილებები დაადასტუროთ, მაშინ ორი მოქმედებიდან ერთერთი ამოირჩიეთ. ზემოთ Tool Bar-ში ნახეთ ღილაკი Apply, რომელიც ამორჩეულ მოქმედებებს დაადასტურებს, ან მენიუში ამოირჩიეთ Changes -> Apply Changes. ამის შემდეგ დაიწყება დისკის სივრცის გადაკეთება, პროცესი შეიძლება რამდენიმე წამში დამთავრდეს და შეიძლება რამდენიმე საათი გაიჭიმოს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენადაა ფრაგმენტირებული თქვენი დისკი. მაგალითად თუ დისკის ბოლოში არაფერია არასდროს არ ჩაწერილა, მაშინ თავისუფალი ადგილი პირდაპირ ჩამოეჭრება დისკს, და ამაზე დაიხარჯება რამდენიმე წამი, მაგრამ თუ თქვენს დისკს აქტიურად იყენებდით ამ ოპერაციამდე და თქვენს დისკზე ყველგან არის ფაილების ნაწილები მიმოფანტული (ასეთ ეფექტს ჰქვია დისკის ფრაგმენტირება), მაშინ დისკის ზომის შეცვლას გარკვეული დრო დასჭირდება. საქმე იმაშია, რომ დისკი ჩაწერისას ცდილობს პირველივე თავისუფალ ადგილზე ჩაწეროს ინფორმაცია, იმისათვის რომ ნაკლები დრო დახარჯოს. დროთა განმავლობაში ფაილები შეიძლება იყოს ჩაწერილი დისკის დასაწყისშიც და ბოლოშიც. როდესაც ჩვენ ჩვენი ოპერაციით ვცდილობთ დისკს ბოლოდან ადგილი ჩამოვაჭრათ, პროგრამა ხვდება რომ D: დისკზე არსებული ინფორმაცია გვჭირდება და მისი გადაყრა/დაკარგვა დაუშვებელია, ამიტომ ჯერ მიახლოებით ავლებს ზღვარს იქ სადაც დისკი უნდა გაიყოს, შემდეგ ნახულობს, ამ ზღვარს მიღმა რაიმე ფაილები ხომ არ არის ჩაწერილი, თუ ჩაწერილია, მაშინ ჯერ ინფორმაციას გადმოიტანს იმ ნაწილში რომელიც D: დისკისთვის დარჩება. ხოლო გამონთავისუფლების შემდეგ, მოხდება საჭირო მოცულობის ჩამოჭრა D: დისკიდან. სწორედ ამ ეფექტის გამოა შესაძლებელი დისკზე დამატებითი ადგილის გამონთავისუფლება ფაილების დაკარგვის გარეშე (ზუსტად ამ გადატანის გამოც შეიძლება ადგილის ჩამოჭრის ოპერაცია დროში გაიჭიმოს, გააჩნია რამდენი ფაილი და რა მოცულობა იქნება გადასაადგილებელი). აქვე ვხვდებით, რაც უფრო დიდ ადგილს გამოვყოფთ ჩამოსაჭრელად მით უფრო დიდი დრო დასჭირდება პროგრამას მიმობნეული ფაილების გადასაწერად დაცულ/დაზღვეულ ზონაში. ასევე თუ დისკზე ბევრი ჩაწერის ოპერაციები არ არის ჩატარებული სავარაუდოდ დისკის ბოლოში ადგილი თავისუფალია, ამ შემთხვევაში გადასაადგილებელი არაფერია და ოპერაცია უცებ ჩაივლის. რა თქმა უნდა თუ გადაწერის ოპერაცია აუცილებელი გახდა მაშინ საერთო საქმის დამთავრება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: რამდენად ჩქარია თქვენი დისკი, იყენებს თუ არა იგი ბუფერირებას, არის თუ არა Windows-ი სუფთა, ხომ არ არის მისი მუშაობა ვირუსების გამო შენელებული, ან დაზიანებული სისტემური ფაილების გამო და ასე შემდეგ. მოკლედ გარკვეული დროის შემდეგ, ოპერაცია დამთავრდება, ამ დროს შეგიძლიათ დახუროთ გამოსული პროგრესიის ფანჯარა. მორჩა ამჯერად თქვენს წინაშე იქნება საბოლოოდ მოდიფიცირებული და სახეცვლილი დისკი, რომელზეც გვაქვს C: დისკი D: დისკი და მესამე დაუფორმატირებელი დისკი სავარაუდოდ 10 გიგაბაიტის მოცულობით რომელიც Linux-ს სავებით დააკმაყოფილებს. ამ საქმის შემდეგ შეგიძლიათ გადატვირთოთ კომპიუტერი, ჩადოთ დრაივში Linux-ის საინსტალაციო დისკი. დაიწყეთ ინსტალაცია და ახალი ალტერნატიული სისტემის დასაინსტალირებლად ამოირჩიეთ ცარიელი განყოფილება, თუმცა Linux-ის ინსტალერების უმეტესი ნაწილი თავისით მიხვდება რომ დისკზე ერთი განყოფილებაა თავისუფალი, რომელზეც თვითონ უნდა დაინსტალირდეს. პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი |
|
ძალიან მომეწონა ეს სტატია.. ძალიან დაწვრილებით და გასაგებადაა ახსნილი ყველა დეტალი თავისი სქრინშოთებით.. და რაც მთავარია მაინტერესებდა