მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
FAT vs NTFS - რომელია უკეთესი?

თუ სადმე ყური მოგიკრავთ აბრევიატურებისთვის FAT და NTFS, ნუ გეგონებათ რომ ისინი პროგრამები ან მაგიური შელოცვები არიან. ისინი დისკზე ინფორმაციის შენახვის და განლაგების ცნობილ და გავრცელებულ მეთოდებს წარმოადგენენ.

ყველას, ვისაც კი თავის კომპში ამ ბოლო დროს ოპერაციული სისტემა გამოუცვლია (და არა მარტო მათ), შეხება ჰქონია ამ აბრევიატურებთან, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის მათი შინაარსი და პლიუს-მინუსები. შესაბამისად არც ის, თუ რომელი  და როგორ მოარგოს თავის კომპიუტერს. ამ სტატიაში შევეცდები ეს საკითხი თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო. სტატია მსუბუქ ვერსიად განიხილავს ამ ორ ფაილურ სისტემას. მეც შევეცდები არ გადაგტვირთოთ ზედმეტი მონაცემებით, ბოლო-ბოლო ბევრისთვის ეს პირველი შეხებაა ამ თემასთან.

დისკის ორგანიზება
სანამ უშუალოდ კონკრეტულ სისტემებზე გადავიდოდეთ, ზოგადად გავეცნოთ იმ განლაგებისა და შენახვის მეთოდს, რომელსაც ორივე სისტემა იყენებს.

იმისათვის, რომ ოპერაციულმა სისტემამ დისკზე მუშაობა შეძლოს, დისკი იყოფა კონცენტრირებულ ნაწილებად (ბილიკებად), მათ ინგლისური ტერმინოლოგიით ტრეკებს ეძახიან (ქართულად ბილიკებს). ყოველი ბილიკი წარმოადგენს კონცენტრულ წრეს, რომელსაც იდეაში არც თავი აქვს და არც ბოლო. მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ აურზაური არ იყოს, დისკის თითოეული ბილიკი დაყოფილია რამდენიმე ერთნაირი ზომის ნაწილად. ასეთ ნაწილს სექტორს ეძახიან და მასში ინახება მინიმალური ინფორმაციის რაოდენობა. დღესდღეისობით არსებულ ყველა დისკში ერთ სექტორში 512 ბაიტი ინახება. როგორც იცით, დისკის ფირფიტა ძალიან გავს კომპაქტ დისკს.  ადვილი მისახვედრია, რომ გარე ბილიკი უფრო გრძელი იქნება, ვიდრე შიდა ბილიკი. შესაბამისადაც არის განლაგებული ყოველ ბილიკზე სექტორების რაოდენობა, თუმცა თავიდან დისკების პირველ ეპოქაში ყოველ ბილიკზე მიუხედავად მისი სიგრძისა, სექტორების ერთნაირი რაოდენობა იყო განთავსებული. შემდეგ ეს (კორექტულად) მიჩნეული იყო ადგილის უაზრო ხარჯვად. ასე რომ სისტემაც შეიცვალა.

სექტორი შეიძლება ჩავთვალოთ კორპუსის მაცხოვრებლად, ანუ მობინადრედ. ყოველ კორპუსს გააჩნია თავისი სარჩევი, ანუ მობინადრეთა ჩამონათვალი. იმისთვის, რომ ეს ჩამონათვალი ძალიან არ გაიზარდოს, ჩვენ ყველა მოსახლეს ცალცალკე მისამართს კი არ ვუწერთ, არამედ ვაერთიანებთ მათ ბინების მიხედვით, ეს კი სარჩევში ადგილის ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. ასევეა დისკებზეც, იმის გამო რომ დისკზე სექტორები ძალიან ბევრია, ხოლო მათი მისამართების ჩასაწერი ადგილი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს, იძულებული ვართ სათითაო სექტორის მაგივრად ჩავწეროთ სექტორების ერთაინობა ერთ მისამართზე. სექტორების ერთიანობას დაერქვა კლასტერი.  კლასტერში შეიძლება იყოს გაერთიანებული 1 ან რამდენიმე ათეული სექტორი, დღეისათვის მაქსიმალური რაოდენობა 128 ერთ კლასტერში სექტორია. ეს რაოდენობა განისაზღვრება იმის და მიხედვით, თუ რა ზომისაა დისკი და რამდენია მასზე სექტორების რაოდენობა. მაგალითად თუ დისკზე გაქვთ 16 ათასი სექტორი, ხოლო სარჩევში მხოლოდ 2 ათასი ჩაწერის ადგილი, მაშინ თქვენ 8 სექტორის გაერთიანება და მათთვის ერთი მისამართის, ანუ კლასტერის მითითება მოგიწევთ. თუ დისკის ზომა უფრო დიდია, მაშინ ერთ კლასტერში უფრო მეტი სექტორის გაერთიანება მოგიწევთ და პირიქით.

ახლა კი დროა თვითონ ფაილურ სისტემებზე გადავიდეთ, სწორედ მათი მეშვეობით ხდება ინფორმაციის და სექტორების შენახვა, ასევე კლასტერებად კლასიფიცირება.

რა არის FAT?
File Allocation Table ანუ შემოკლებულად FAT, იყენებს მონაცემთა ბაზას (ჩვენ წეღან უფრო გავამარტივეთ ეს ტერმინი და მისამართების ჩამონათვალად განვიხილეთ), რომელშიც თითოეულ კლასტერს თავისი ნომერი და ადგილი აქვს.  ეს სისტემა პირველად DOS 1-ში იქნა გამოყენებული თინეიჯერი ბიძია ბილის მიერ. დრო გავიდა და ფაილურმა სისტემამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. განახლებულ ვერსიებს FAT12, FAT16 და FAT32 დაერქვათ. აბრევიატურის ბოლოს ჩაწერილი ციფრები თანრიგებზე მიგვითითებს, მაგრამ რომ არ დაიბნეთ, მათ ამ სტატიაში არ განვიხილავთ.

დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ 1987 წელს (DOS 3-ში) კომპიუტერებისთვის 32 მეგაბაიტიანი დისკის წაკითხვა ბოლო მიღწევა იყო. DOS 6-ის ეპოქაში ეს ზომა 2 გიგაბაიტამდე გაიზარდა, მაგრამ დისკის მწარმოებლების მიღწევები ოპერაციული სისტემისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ. ასე რომ, Windows 98-თან ერთად FAT32 გამოვიდა (მანამდე ახალი ფაილური სისტემა გამოცდილი იყო Windows 95 SR2-ში), რომელიც ლიმიტს (თეორიულად) 2 ტერაბაიტამდე ზრდიდა. მომდევნო პრობლემა ისევ დისკების გაზრდილი მოცულობიდან მომდინარეობდა. მაგალითად,  FAT16-ს თეორიულად 2 -ზე მეტი კლასტერის დატევა არ შეუძლია (პრაქტიკაში ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია), ასე რომ დიდ დისკზე მას კლასტერებში ბევრი სექტორის ჩაწერა უწევდა, რაც დისკის მოცულობის დაკარგვას იწვევდა. ანუ თუ სისტემა მუშაობს 16-დან 32 GB-მდე განყოფილებაზე, ის თითოეულ კლასტერს 16 KB-ს უთმობს. ასეთ შემთხვევაში 1-დან 16 KB-მდე ფაილი, მიუხედავად იმისა, 16 კილობაიტი ინფორმაციაა შიგნით ჩაწერილი თუ მხოლოდ ერთი ბაიტი,  მაინც 16 კილობაიტის ადგილს იკავებდა დისკზე. ეს კი დისკის მოცულობის 30-40 პროცენტს გამოუყენებელს ტოვებდა.

ასევე პრობლემად იქცა ფაილების დისკზე ჩაწერის პროცესიც. როცა სისტემა ახალ ფაილს წერს დისკზე, იგი ეძებს გამოუყენებელ კლასტერებს (თავისუფალ ადგილს) და ინფორმაციას მთელ დისკზე ანაწილებს. რაც უფრო დაშორიშორისებულია ეს ნაწილები ერთმანეთისგან, მით უფრო ნელდება მასზე მუშაობის პროცესი. იმიტომ რომ ერთი ფაილის წასაკითხად ინფორმაცია სხვადასხვა ბილიკებზე და კლასტერებშია  ამოსაკითხი, ხანდახან კი წაღმაუკუღმა მიმდევრობითაა ჩაწერილი, მოთხოვნისას მისი დალაგების და ამოკითხვის დრო ნერვებისმომშლელად იწელება. სხვათაშორის სწორედ ასეთი მეთოდით დაფანტულ ფაილების ჩაწერას ჰქვია დისკის ფრაგმენტაცია. შემდეგ სპეციალური პროგრამებით გვიწევს ხოლმე დანაწევრებული ფაილების ამოკითხვა და ლამაზად დალაგება ისე,  რომ ისინი საძებნი აღარ გაგვიხდნენ. ამას კი თავის მხრივ საკმაო დრო მიაქვს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მიუხედავად FAT  თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა პატარა მეხსიერებისა და სიმძლავრის მქონე კომპებზე, მაგრამ ტექნოლოგიურმა სიახლეებმა სისტემის განახლება და სრულყოფა მოითხოვეს. ნელნელა სიტუაცია მომწიფდა და  საფუძველი NTFS-ს ჩაეყარა.
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე