მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ორ და სამ არხიანი ოპ. მეხსიერების არქიტექტურა
რას ნიშნავს, როგორ მუშაობს

ორარხიანი მეხსიერების არქიტექტურა (Dual-Channel Memory Architecture) არის ტექნოლოგია, რომელიც თეორიულად აორმაგებს მეხსიერებიდან მეხსიერების კონტროლერისკენ ინფორმაციის გამტარობას. ორარხიანი მეხსიერება იყენებს 2x64-ბიტიან მეხსიერების არხს, რაც 128-ბიტიან გადაცემას გვაძლევს. ეს არქიტექტურა ეძლევა დედა დაფას და არა მეხსიერების მოდულს, ასე რომ, ერთმა და იმავე მოდულებმა ზოგ დედა დაფაზე შეიძლება იმუშავონ ორარხიან რეჟიმში, ზოგზე კი - არა (თუკი ასეთი დინოზავრები კიდევ არსებობენ).

მოქმედების პრინციპი

ორარხიან არქიტექტურას სჭირდება ორარხიანი მეხსიერების მხარდაჭერის მქონე დედა დაფა და ორი, ან მეტი DDR, DDR2 ან DDR3 მეხსიერების მოდული. ეს მოდულები თანმხვედრ სლოტებში იდგმება, რომლებიც, როგორც წესი ერთი ფერისაა, როგორც, მაგალითად, აი ამ შესანიშნავ EVGA-ს დედა დაფაზე:

ეს არხები საშუალებას იძლევა, რამდენიმე მოდული დაუკავშირდეს კონტროლერს და გაიზარდოს მათი გამტარობა (და შესაბამისად - წარმადობაც). ორარხიანი მეხსიერების მუშაობისთვის არ არის აუცილებელი სრულიად იდენტური მოდულების გამოყენება. მაგალითად შეიძლება ორარხიან მეხსიერებაში ერთმხრივი და ორმხრივი მეხსიერების მოდულების ჩასმა (Singlesided, Doublesided), მაგრამ ამ შემთხვევაში სისტემის სტაბილურობა მეხსიერების კონტროლერის ხარისხზეა დამოკიდებული, ამიტომ კარგი თავსებადობისთვის და უკეთესი წარმადობისთვის მაინც მიზანშეწონილია ერთნაირი მოდულების გამოყენება.

თუკი დედა დაფას აქვს ორი წყვილი სხვადასხვა ფერის მქონე მეხსიერების სოკეტი (ფერები აღნიშნავს bank 0 და bank 1-ს), მაშინ ერთნაირი მოდულები უნდა განთავსდეს bank 0-ში, ხოლო განსხვავებულები - bank 1-ში. არ დაგავიწყდეთ, რომ მოდულების სიხშირეები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუკი მაინც გამოვიყენებთ განსხვავებული სიხშირეების მქონე მოდულებს, მაში დედა დაფა ავტომატურად დააყენებს ყველა მოდულის სიხშირეს უმდაბლეს მაჩვენებელზე.

ყველა იმ პრობლემის გამო, რასაც შეიძლება გადავაწყდეთ სხვადასხვა მოდულების ორარხიან რეჟიმში გამოყენებისას, არსებობს მეხსიერების კომპლექტები, ე.წ. Memory Kit-ები. სწორედ მათი გამოყენებაა ყველაზე სასურველი.

ხოლო როდესაც არ გვაქვს კიტი და გვაქვს 2 ცალი უბრალო მოდული, მაშინ ორარხიანი რეჟიმის კარგად მუშაობისთვის სასურველია:

1. მოდულების ტევადობა ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ. 1024MB)
2. სიჩქარე და ლატენურობაც ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ. PC5300, 5-5-5-15). თუკი ისინი არ ემთხვევა, მაშინ ორარხიან რეჟიმში გამოიყენება ყველაზე დაბალი სიჩქარე და ყველაზე დიდი ლატენურობა.
3. მოდულებზე ჩიპების რაოდენობა ერთმანეთს ემთხვეოდეს.

დანიშნულება

ორარხიანი მეხსიერების ტექნოლოგია შეიქმნა, რათა "ბოთლის ყელის" (bottleneck) პრობლემა მოხსნილიყო. პრობლემა კი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც პროცესორის სიხშირე და წარმადობა იზრდება, ის მოითხოვს, რომ მეხსიერებამ "ფეხს აუჩქარონ". თუკი ეს კომპონენტი არ აჩქარდება, მაშინ პროცესორს გადასამუშავებელი ინფორმაცია აღარ რჩება და წარმოიქმნება "ბოთლის ყელი" (იხ. სურათი).

ამის ალბათობა დიდია ერთარხიანი მეხსიერების შემთხვევაში ნებისმიერ CPU-ზე, რომლის FSB აჭარბებს მეხსიერების სიხშირეს. Dual Channel-ის შემთხვევაში კი ერთი გაზრდილი არხის მაგივრად გამოიყენება მეორე, პარაელური არხი, რომელიც საერთო ჯამში უკვე კონტროლერში ზრდის ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს და ინფორმაციაში ვაკუუმი აღარ წარმოიქმნება.

Dual Channel არქიტექტურა ხელმისაწვდომია როგორც Intel-ის, ასევე AMD-ს პლატფორმაზეც. განსხვავებული სიტუაციაა სამარხიან მეხსიერებაზე (Triple Channel Memory). ის მხოლოდ Core i7 პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი (ანუ X58 ჩიპსეტი). სხვა ყველა პლატფორმაზე DDR3 მეხსიერება ორარხიან რეჟიმში მუშაობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Triple Channel-ისთვის აუცილებელია სამი სრულიად იდენტური მეხსიერების მოდული, ანუ სპეციალური კიტი.

სამარხიანი მეხსიერების მოქმედების პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორც ორარხიანის, მაგრამ ამ შემთხვევაში გაორმაგებული გადაცემის სიჩქარის მაგიერ გასამმაგებულ გამტარობას ვიღებთ. მაგალითად Intel-ი გვარწმუნებს, რომ Core i7-ს, რომელსაც აქვს 1066MHz-იანი DDR3 მოდულები, შეუძლია გაატაროს 25.6GB ინფორმაცია 1 წამში.

სამარხიანი მეხსიერების კიდევ ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ ლატენურობა მცირდება. ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ინფორმაციის გადამუშავებაზე მოთხოვნა თითოეულ მოდულს რიგ-რიგობით ეგზავნება და არა ერთდროულად. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც პირველი მოდული "ისვენებს", მეორე საქმეს აკეთებს, მესამეს კი ბრძანება ეგზავნება...

აი ასე მარტივად მოქმედებს ორ და სამარხიანი მეხსიერების რეჟიმები. იმედია, ყველამ ყველაფერი გავიგეთ.

სტატიის ავტორი: მიშა
წყარო: Overclockers.ge

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

ვანო არა, მიშა :)

ჩემი სტატია არაა, ოვერქლოქერი მიშას დაწერილია :)
22-03-2010, 20:09:34 | Power_VANO

საღოლ ვანო
02-02-2010, 19:28:36 | Gigaa


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.