მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
ფორსაჟი გინდა გააორმაგო? - “ჩაისხი” დიზელი, დიზელი გინდა? - გადაიხადე 20 მილიონი
“ორმაგი ფორსაჟი”

რეჟისორი: ჯონ სინგლტონი
როლებში:პოლ უოკერი, რომან პირსი, კოულ ჰაუსერი, ევა მენდესი

ფილმი:

თუ სიმართლე გინდათ  ჯონ სინგლტონს ახალი არაფერი შეუქმნია. თუმცა არა, მომიტევეთ სიცრუისთვის, ფილმში ბევრი სიახლეა. აი, მაგალითად: აბსურდული და ალოგიკური სიუჟეტი; მოუხერხებელი და უგემოვნო ხუმრობები, აზიური წარმოშობის და გაურკვეველი დანიშნულების მქონე გოგონა სანთლისაგან გამოძერწილი “სიფათით” და კიდევ... თავბრუდამხვევი ავტოტრიუკები. ჰო, ტრიუკები მართლაც ნორმალურია (მით უმეტეს ეპიზოდი, სადაც უზარმაზარი ტრეილერი მოცუცქნულ ტოიოტას გააბრტყელებს).

ახალი “ფორსაჟის” მთელი ხიბლი ავტოროდეოს საცირკო ნომრებით იწყება და მთავრდება. “დეტექტივი შაფტის” ავტორისაგან, მართალი გითხრათ ცოოოტათი მეტს ელი, მაგრამ... ფილმის შესავალ ნაწილში განვითარებული “ძაან საკაიფო” რბოლის შემდეგ, სიუჟეტი, ჯერ კომაში ვარდება, მერე კი საერთოდ კვდება. ფილმის დანარჩენ ნაწილში იგივე ტირუკების მეტი, სანახავი აღარაფერია.

ვინ დიზელის უარის გამოისობით (მან “მარტოხელაში” მონაწილეობის მიღება არჩია) ნაჩქარევად გადაკეთებული სცენარი, თითქმის იგივეა, რაც პირველი, რობ კოენისეული “ფორსაჟი”: თავხოტორა დიზელის არდაკავების გამო სამსახურიდან გაძევებული პოლიციელი ბრაიან ოკონერი (პოლ უკორი), მაიამიში დასახლდა და ქუჩურ რბოლებში მონაწილეობით ირჩენს თავს. მას ყოფილი კოლეგები უკავშირდებიან და სამსახურს სთავაზობენ - პოლიციას სჭირდება პროფესიონალი მძღოლი, რომელიც ადგილობრივი ნარკობარონის “სასტავში” შეძვრომას და ამ ნარკობარონზე სამხილის მოძიებას მოახერხებს (ერთ-ერთი სიუჟეტური ლიაპსუსი - როდის მერე ანდობს პოლიცია სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციელს, ასეთ სერიოზულ დავალებას, მით უმეტეს რომ წინა, ანოლოგიური მისია “სამარცხვინოდ” ჩააფლავა). ობრაიანი ამისთანა საქმეებში გამოცდილი და, საერთოდ, მეტად მოხერხებული ახალგაზრდაა, ასე რომ არც ბანდაში მოხვედრა გაუჭირდება და არც საჭირო ინფორმაციის მოპოვება.

სხვათა შორის, აგენტს მეორადი მისიაც აკისრია - უნდა დაადგინოს “სასტავში” ადრე შეგზავნილი, მომხიბვლელი აგენტი მონიკა ფუენტესი ორმაგ თამაშს ხომ არ თამაშობს.

აი, ასეთია სცენარის მთელი ალია-ბალია. მართალია პირველი ფილმის სცენარიც არ გახლდათ დიდი ბედენა (იგი საეჭვოდ ჰგავს ბიგელოუს “ტალღის ქიმის” სიუჟეტს), მაგრამ იქ ყველაფერი მიწიერ კანონებს ექვემდებარებოდა და ისტორიაც საინტერესოდ ვითარდებოდა. მართალია ჩვენ, მაყურებელი, მივეჩვიეთ ვუყუროთ ფილმს პრინციპით “დაიკიდე სცენარი თუ ეკრანზე კარგი სანახაობაა!”, მაგრამ “ორმაგი ფორსაჟი” ის შემთხვევაა, როცა ვერანაირი დაკიდება ვერ გიშველის კინოთეატრიდან ოდნავ დაკმაყოფილებული მაინც გამოხვიდე. სინგლტონი კი ის კაცია, რომელიც ვერ ხვდება, რომ კარგი ფილმის კიდევ ერთხელ გადაღება სულაც არ ნიშნავს კიდევ ერთი კარგი ფილმის გადაღებას.

ამონაწერი დოსიედან

- ფილმის გადაღებები 2002 წლის 9 სექტემბერს დაიწყო, მაიამიში
- ვინ დიზელი “რბოლას” მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ზედმეტად დიდი ჰონორარი - 20 მილიონი დოლარი მოითხოვა. შესაბამისად, დიზელის “დეფიციტის” გამო ფილმის სარეჟისორო სავარძელში ჩაჯდომა რობ კოენმაც გადაიფიქრა
- სიქველის შექმნის იდეა პირველი ნაწილის გამოსვლისთანავე გაჩნდა; მაშინ “ფოესაჟმა” თავისი ბიუჯეტი (40 მილიონი დოლარი) პირველივე უიქ ენდზე ამოიგო

დათო კვაჭანტირაძე

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.