მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
ზღვის მგელი VS კაშეი უკვდავი

უკიდეგანო ზღვა. “მუცელგამობერილი” იალქნები. სწრაფი და მოხერხებული შხუნა. რომისა და ვისკის “ულევი” მარაგი. ეგზოტიკური კუნძული, რომელიც, თავისი ბანან-ქოქოსიანად, შენი და თითოეული შენი მეგობრის საკუთრებად ითვლება. სახიფათო თავგადასავლები, საზღვაო შეტაკებები, დუელები, სრული თავისუფლება და უბატონობა... რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო რომანტიული? მე მგონი არაფერი. ვის არ წაუკითხავს ბავშვობაში “განძეულობის კუნძული”? ალბათ, ყველას. და, მისი წაკითხვის შემდეგ, ვის არ უოცნებია ფლიბუსტიერის უდარდელ და ადრენალინით სავსე ცხოვრებაზე? ვგონებ ბევრს. “კარიბის ზღვის მეკობრეები” ის ფილმია, რომელიც ადამიანში ბავშვობის ამ მიძინებულ ოცნებებს გააღვიძებს.

თავიდანვე ვიტყვი, ფილმი სრულიად შემთხვევით ვნახე... უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს (უფრო სწორად საღამოს), სახლში ყოფნისას, ტელევიზორი ასხუთელების შექმნილ “202”-ზე გადავრთე, სადაც სწორედ იმ მომენტში ფილმის საწყის “ქუდს” მოვკარი თვალი. პულტის წვალება აღარ გამიგრძელებია _ მაინტერესბდა რა სურათს უჩვენებდნენ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შავ ფონზე თეთრად გამოჩნდა ძველებური შრიფტით ნაწერი სათაური “Caribian Pirates” (კარიბის ზღვის მეკობრეები). სხვადასხვა კინოჟურნალებისა და ინტერნეტის წყალობით ვიცოდი, რომ ეს ფილმი უახლოეს მომავალში უნდა გამოსულიყო კინოეკრანებზე, და ისეთი პირი უჩანდა, რომ ჩვენი კინოთეატრები (თუმცა მოცემულ მომენტში ქალაქში ორიდან მხოლოდ ერთი კინოთეატრი ფუნქციონირებს), მის შემოტანას არც აპირებდნენ. არადა პირადად მე, ისევე როგორც ბევრ სხვა კინომოყვარულსაც, ფილმი ძალიან მაინტერესებდა. მოკლედ, სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი და...

ფილმმა ლამის პირველივე, ზღვის მგელი ჯონი დეპის ქალქში შესვლის სცენიდან “მომაჯადოვა”. ამას მოყვა გემის მოპარვის მცდელობის ეპიზოდი, კარგად დადგმული აკრობატული ტრიუკებით, რაც ასე შემოვიდა კინოს მოდაში “მატრიცას” მფრინავი სალტოების შემდეგ. როგორც სასიამოვნო სიზმარში, ისე ენაცვლებოდნენ თვალწინ ერთმანეთს თაბვრუდამხვევი დევნა და მასიური სცენები, თეთრიალქნიანი ბრიგები და “მხიარული როჯერის” მოფრიალე შხუნები. კარგა ხანია ოცნებათა ფაბრიკას ასეთი მსუბუქი, მხიარული და “გემრიელი” პროდუქცია არ გამოუშვია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა, პერსონაჟების ხუმრობა მართლა სასაცილოა, ხოლო  ჯონი დეპის “ნახე რა მაგარი ვარ”-პრინციპიანი არტისტობა ნაკლებ გულისამრევია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა _ სპეცეფექტებიც, ექშენიც, იუმორიც... სიუჟეტიც კი იმდენად ბანალური და მარტივი გახლავთ, რომ უაზროდ “ჩახვეულ-ჩახლართული” სცენარების შემდეგ, რომლებითაც დაუზარებლად გვამარეგბს ამ ბოლო დროს ჰოლივუდი, იგი ნამდვილ შვებად გეჩვენება. რეჟისორის ერთ-ერთი საუკეთესო მიგნება, ალბათ ჯეფრი რაშის მიწვევა იყო. ჯონი დეპისა არ იყოს, იგი საოცრად მოუხდა კაშეი უკვდავად ქცეული კაპიტანის როლს. ამ მხრივ მხოლოდ ორლანდო ბლუმი მოიკოჭლებს, მისი თეატრალიზიბული თამაში “ბეჭდების მბრძანებლის” ელფის როლს იქნებ კიდეც უხდება, მაგრამ მეკობრის ამპლუაში ნამდვილად აგებს.

სხვათა შორის უცნაურია, ფილმის სიუჟეტის იდეის პირველწყაროც: მაშინ როცა სცენარისტები თუ პროდიუსერები თვალებს ითხრიან კომიქსების თვალიერებითა და კომპიუტერული თამაშებით, “მეკობრეების ავტორმა ეკრანიზაციისთვის, არც მეტი არც ნაკლები, დისნეი ლენდის ერთ-ერთი ატრაქციონი გამოიყენა. რაც მთავარია, რეჟისორი მეკობრეების თემას იუმორით მიუდგა და იმის მაგივრად რომ საზღვაო ბოევიკი გაეკეთებინა (როგორც ეს ერთხელ უკვე სცადა რენი ჰარლინმა “თავზეხელაღებულთა კუნძულში” და არაფერი გამოუვიდა), მაყურებელს მისტიკური სათავგადასავლო კომედია შესთავაზა. სცენარში რამოდენიმე მკვეთრი სიუჟეტური “გადახვევაა”, რის გამოც ფილმი გაუნელებელი ინტერესით და ერთი ამოსუნთქვით იყურება.

ახლა კი ბარემ იმასაც აგიხსნით თუ რატომ დავაკონკრეტე ზემოთ, ფილმი “202”-ზე ვნახე-მეთქი. “მეკობრეები” სადღაც შუამდე იყო მისული, რომ უცაბედად, ყველაზე საინტერესო ადგილზე, ფილმი შეწყდა და სარეკლამო რგოლი დაიწყო. ქართული ტელევიზიების გადამკიდე ამას უკვე ყველა მიეჩვია. ჰოდა მეც მოვიკრიბე მთელი მოთმინება და რგოლის დასრულებას დაველოდე. თავს კი იმით ვიმშვიდებდი, საცოდავი რუსები უარეს დღეში არიან-მეთქი (იმათ არხებზე, ხომ ფილმი, ყოველ 10-15 წუთში წყდება და იმათი სარეკლამო რგოლებიც გაცილებით უფრო გრძელია, ვიდრე ჩვენი). რეკლამა მალევე დასრულდა, მაგრამ “მეკობრეების” გაგრძელების მაგივრად, არხზე... ბრაიან ადამსის კონცერტი დაიწყო. ჯერ გავოცდი, მერე აღვშფოთდი, ბოლოს სულ გადავირიე. ვა-ბანკზე წავედი _ იმ იმედით, რომ კინოსეანსი იქნებ კონცერტის შემდეგ მაინც დაასრულონ მეთქი, ჩემი საცოდავი ყურები ბრაიან ადამსის ერთ საათიან ჩხავილს შევწირე. მაგრამ მსხვერპლი ტყუილი გამოდგა, “202”-ის მაუწყებლობა უფილმოდ დასრულდა. ტელეარხის ასეთი ანტისინემატოგრაფიული “საქციელი” ვერაფერით ამეხსნა. თუმცა ინტერესი, ამის გამო, სულაც არ გამქრობია.

მეორე დღიდანვე დავიწყე “კარიბის ზღვის მეკობრეების” ძებნა მაღაზიებში, გასაქირავებელ პუნქტებსა და ძმა-ბიჭებ-მეგობრებში. მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, რამოდენიმე კვირის შემდეგ (სწორედ ამიტომ დამიგვიანდა ამ რეცენზიის დაწერა) ერთ-ერთ ქართულ ე.წ. “ეფტეპე” სერვერზე ვიპოვე და ჩამოვქაჩე. როგორც იქნა ფილმი ერთ მთლიანობაში ვიხილე.

მოკლედ, თუ სადმე “კარიბის ზღვის მეკობრეები” ჩაგივარდათ აუცილებლად ნახეთ, გარწმუნებთ, ფილმი ნამდვილად მოგეწონებათ, ოღონდ, თუ ღმერთი გწამთ “202”-ზე არ უყუროთ _ ზედმეტად სარისკოა. და საერთოდ, მთელი “202”-ის თავზეც გავიარე

დათო კვაჭანტირაძე

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 4


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.