COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » La-კულტურა » ზეციური სამყარო

http://compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=31


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » La-კულტურა
ზეციური სამყარო
ჯვაროსანი

“ზეციური სამყარო” ( Kingdom of Heaven )
რეჟისორი: რიდლი სკოტი ( Ridley Scott );
სცენარი: უილიამ მონეჰენი ( William Monahan );
როლებში: ორლანდო ბლუმი ( Orlando Bloom ); ლიამ ნისენი ( Liam Neeson ; ჯერემი აი­რონსი ( Jeremy Irons ); ევა გრინი ( Eva Green ); მარტონ ჩოკაში ( Marton Csokas ); დავიდ ტიულისი ( David Thewlis ); ედვარდ ნორტონი ( Edward Norton ); ბრენდან გლინსონი ( Bre­n­dan Gleeson ), ხასან მასუდი ( Ghassan Massoud ).
ფილმის ხანგრძლიობა: 145 წუთი
ფილმის ბიუჯეტი: 110 მილიონი დოლარი
ოფიციალური საიტი: http://www.kingdomofheavenmovie.com/
რელიზის თარიღი: 6 მაისი, 2005 წელი

ვთქვა, რომ ამ ფილმის კინოეკრანზე გამოსვლას სულმოუთქმელი ველოდებოდი, ნა­ღდად სიმართლე არ იქნებოდა, მაგრამ იმის თქმაც, რომ მასზე ყველანაირი სურვილის გარეშე წავედი, ესაც სიცრუეა. რას მოველოდი ამ ფილმისგან, ალბათ რაღაც ახალს, საინტერესოსა და სანახაობრივს, რა გამოვიდა, ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ. ისე ამ ბოლო დროს ჰოლივუდური კინოპროდუქცია ძალიან დასუსტდა, უმრავლესს შემთხვევაში სულელურ კომედიებსა და სანახაობრივ სცენებს არჩევს ნორმალურ კინომატოგრაფს. აბა დავიჯერო, ჰოლივუდში ყველა ისე გამოყეყეჩდა რომ, ფულის თვლის გარდა არაფერი ახსოვთ? ადრე თუ კინოკომპანიების სათავეში ისეთი ხალხი მაინც იდგა, რომელსაც საკუთარი ჯიბის გარდა კინო მაინც უყვარდა, ახლა კი ყველაფერი საშუალო სტატისტიკას ექვემდებარება და ბუღალტრების ხელშია. ამიტომაცაა ყველაფერი ასე ცუდად, აბა აიღეთ თუნდაც, შედარებით ახალი “ალექსანდრე”, ამ ფილმზე 250 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რა გამოვიდა, სჯობს არ გავიხსენოთ, ცხოვრებაში ასეთი უსუსური და იდიოტური ფილმი არ მინახია, შესაძლოა, ოლივერ სტოუნმა ამ ფულის დიდი ნაწილი ჯიბეში ჩაიდო. აბა, რა არის ამ ფილმზე ამდენი დასახარჯი, შედარებისთვის ჯეიმს კამერუნის “ტიტანიკი” სულ “რაღაც” 180 მილიონი, ხოლო “ტერმინატორი 2” 90 მილიონი დაჯდა. არა უშავს ხომ, აბა შეადარეთ, რამდენი მოიტანა თითოელმა მათგანმა გაქირავებაში და მერე მიხვდებით, რომ ყველაფერი ამ ბოლო დროს ჰოლივუდში უფსკრულსკენ მიექანება.

შესავალი ცოტა გამიგრძელდა, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა კი რიდლი სკოტის “ზეციური სამეფოა”. რაც შეეხება რეჟისორს, ის ისეთი ფილმების ავტორია, როგორიცაა “უცხო”, “ტელმა და ლუიზა”, “გლადიატორი”, “შავი ქორის დესანტი”. ასეთ რეჟისორს ცუდი ფილმი არ უნდა გამოუვიდესო, მაგრამ ამაზე საპასუხოდ იგივე ოლივერ სტოუნი გამოდგება თავისი “ალექსანდრეთი”, ასე რომ ბევრი რამ, თავად რეჟისორის გარდა, სცენარზე და პროდუსერზეცაა დამოკიდებული. “ზეციური სამეფო” აშკარად ის შემთხვევაა, როდესაც ფილმში არსებობს ნორმალური, თუმცა ოდნავ პრიმიტიული სიუჟეტი, არის მსახიობების კარგი თამაში და რაც მთავარია სახეზეა გარკვეული რეჟისორული ნა­მუ­შევარი.

ფილმის მოქმედება ხდება შუა საუკუნეებში, კერძოდ 1184 წელს, ამ დროისთვის ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა მუსულმანებს გამოსტაცეს იერუსალიმი და უკვე თითქმის ასი წელია ამ ზეციური ქვეყანას კათოლიკე ხელმწიფეები მართავენ, მაგრამ არაბები არ აპირებენ წართმეული მიწების დაკარგვას და აწყობენ ლაშქრობას ლაშქრობაზე იერუსალიმის დასაბრუნებლად. თუმცა ფილმის დასაწყისიდან ვგებულობთ, რომ მეფე ბალდუინსა (რომელიც ახლა ზის იერუსალიმის ზეციური სამეფოს ტახტზე) და არაბთა ბელადს სალადინს შორის ლამის ათი წლის წინ დადებულია ზავი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები და მუსულმანები ერთმანეთს არ ემტერებიან, მაგრამ ყოველთვის არსებობს ძალა, რომელიც ომითაა დაინტერესებული, ომი ხომ ახალი ქონებისა და “დიდების” მომტანია. ფილმში ამ მესამე ძალას ტამპილიერები ანუ ე.წ. ტაძრის რაინდები წარმოადგენენ და ბოლოს ისინი მაინც იწყებენ ომს, რომელსაც უსახელოდ წააგებენ და უფრო მეტიც, დაკარგავენ იერუსალიმს, რისი გულისთვისაც ხდება მთავარი დაპირისპირება.

ფილმის ცენტრალური ფიგურაა მჭედელი სახელად ბალიანი (ორლანდო ბლუმი). ის საფრაგეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს, მისმა ცოლმა გარდაცვლილი ბავშვის გამო თავი მოიკლა და მისი სული ახლა ჯოჯოხეთშია, რასაც ბალიანი ძლიერ განიცდის, ამას ადგილობრივი მღვდელის ამაზრზენი დაცინვაც ემატება, რის შედეგაც ბალიანი მას კლავს.

რამდენიმე ხნით ადრე სოფელში ერთი ხანში შესული რაინდი ჩამოდის, რომელიც მჭედელში საკუთარ შვილს ამოიცნობს და მას აღიარებს. ბალიანმა, როგორც რაინდის შვილმა, ადგილი მამის გვერდით უნდა დაიკავოს, თუმცა მას თავიდანვე ეს არ სურს, მაგრამ მღვდელის მკვლელობა და ცოლის გამო სულიერი ტანჯვა ბალიანს აიძულებს, მიიღოს რაინდის შემოთავაზება.

ბარონი გოდფრი დე იბელინი (ლაიმ ნისენი), სწორედ ისაა ჩვენი სახელოვანი და კეთილშობილი რაინდი, გრძნობს რა სიბერის მოახლოვებას, ცდილობს გამოძებნოს თავისი შემცვლელი, ის ხომ იერუსალიმის მეფის ბალდუინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და საუკეთესო რაინდია.

ბალიანი, რომელიც სწრაფად ექცევა სერ გოდფრის გავლენის ქვეშ, ცდილობს ყველაფრით მას დაემსგავსოს, სადღაა უბედურებით დათგურნული მჭედელი, ის უკვე რაინდია, მეფის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერი და თავგანწირული მეომარი. სწორედ ეს ადამიანი ჩაუდგება ბოლოს იერუსალიმის დაცვას და უამრავ ქრისტიანს იხსნის სიკვდილისგან, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლებს იერუსალიმის შენარჩუნებას.

ახლა რაც შეეხება ფილმს, “ზეციურმა სამყარომ” ორაზროვანი შთაბეჭდილება დამი­ტოვა: ერთის მხრივ, სიუჟეტის პრიმიტულობა და მთავარი გმირის სიმტკნარე უპირისპირდება სხვა მსახიობების არც თუ ურიგო თამაშსა და საბოლოო ბრძოლის მასშტაბურობას, ერთი სიტყვით რიდლი სკოტი ისტორიულ კინომატოგრაფში დაბრუნდა, თუმც დღევანდელ ფილმს იგივე რიდლი სკოტის “გლადიატორს”, რომ არაფერი ვთქვა “ტროაზე”, ვერც შევადარებ. რითი მო­გვხიბლა “გლადიატორმა”, ალბათ მთავარი გმირის გამომსახველობითა და ასევე მთავარი უარყოფითი პერსონაჟის კეისრის ქარიზმატულობით. “ზეციურ სამყაროს” არც ერთი აქვს და არც მეორე, აბა მითხარით, როგორ მოგეწონათ ბალიანის როლის შემსრულებელი ალბათ ვერც გაიხსენეთ, რომელია, არადა, ეს ის ჩვენი კეთილი ლეგოლასია, ან პარისი, გააჩნია რომელი უფრო მოგწონთ, მსახიობი ორლანდო ბლუმი ვერაფრით ვერ ახერხებს ძლიერად როლების შესრულებას და ამით გამოყოფას, თუმც ამ ბოლო დროს ეს მსახობი იმდენ როლში ვნახე, რომ თავად ედვარდ ნორტონს ან ჯონი დეპს არ დაესიზმრებათ, არადა მათი სამსახიობო ნიჭი ბევრად მაღლა დგას. მაგრამ როგორც ეტყობა, ორლანდო ბლუმს ვარსკვლავები მფარველობენ, რომლებიც შეიძლება არამარტო ცის კაბადონზე ვიხილოთ.

თუმც ამ უკანასკნელის საპატივცემულოდ შეიძლება ითქვას, რომ იგი მოცემულ როლს ნორმალურად ასრულებს, თუმც არავითარი ბრწყინვალება. ისე კარგი იქნებოდა თუ ამ როლზე იგივე რასელ კროუს, ან ერიკ ბანას ან ვიგო მორტენსენს მოიწვევდნენ, ორლანდო ბლუმი კი სადმე “მასოვკაში” დაიდებდა ადგილს, მერწმუნეთ, ფილმი ამისგან ერთი ორად მოიგებდა.

რაც შეეხება ბალიანის მოწინააღმდეგეებს, არავინაა ისეთი გამორჩეული, როგორიც იყო მაგალითისთვის კეისარი კომოდი (ხოაკინ ფენიქსი) ”გლადიატორში”, თუმცა არის ორი ტამპილიერი, რომელიც აცხადებენ კონკურსს ბალიანის მტრობაზე, მაგრამ ვერც დიდი მსახიობური ნიჭით ბრწყინავენ და ვერც არაჩვეულებრივი ქარიზმით, თანაც ერთ-ერთი მათგანი, ბრენდან კლისონი, ფილმში რენე დე შატილიონი, იგივე ტიპაჟს თამაშობს, რასაც “ტროაში” მენელაისგან განსხვავება მხოლოდ მისი წვერის ფერშია. მეორე მსახიობს მარტონ ჩოკაშს, ფილმში გი დე ლუზინიაკს, უფრო უკეთ გამოსდის უარყოფითი პერსონაჟი, მაგრამ იგივე ხოაკინ ფენიქსის გმირთან შედარებით ისიც საცოდავად გამოიყურება.

ფილმში ძალიან მომხიბლა შემდეგი მსახიობების თამაშმა:
პირველ რიგში ეს ლაიამ ნისონის პერსონაჟია სერ გოდფრი იბელინი, რომელიც პირველ ოც წუთში გადის სცენიდან სიკვდილის გამო. ისე ლაიმ ნისენს ყოველთვის კარგად გამოსდოდა “მასწავლებლების” თამაში, მაგალითისთვის კვაი გონ ჯინიც გამოდგება ჯორჯ ლუკასის “ვარსკვლავეთის ომები: პირველი ეპიზოდი, ფარული საფრთხედან”, მაგრამ ამ მსახიობის ვარსკვლავური საათი მაინც ნილ ჯორდანის “მაიკლ კოლინზია”.

ასევე მშვენიერად შეასრულა მეფე ბალდუინის დისა და ტამპილიერი გი დე ლუზინია­კის ცოლის, სიბილას, როლი ახალგაზრდა მსახიობმა ევა გრინმაც, მეტიც ის ემოციების გადმოცემის მიხედვით აშკარად ერთი თავით მაღლა დგას ორლანდო ბლუმზე.

როგორც ყოველთვის კარგად თამაშობს ჯერემი აირონსი, ყველანაირი გენიალურობის გარეშე, პირქუშად და რეალისტურად, მის მიერ შესრულებული ტიბერიუსის როლი ფილმის ერთ-ერთი უთუო პლუსია.

ახლა კი ორი სიტყვა მეფე ბალდუინზე. მისი პერსონაჟი კეთრით არის ავადმყოფი, ამიტომ მას სახე სულ ნიღაბით აქვს დაფარული, თუმც ამის მიუხედავად, ფილმის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ედვარდ ნორტონმა, რომელმაც შესძლო ყველანაირი მიმიკის გა­რეშე, თვალებისა და ჟესტების საშუალებით მართლაც რომ მონარქის ფიგურა შეე­ქმნა, ყოველგვარი ქების ღირსია.

რაც შეეხება ფილმის სანახაობრივ მხარეს, ის ბევრად მაღლა დგას “გლადიტორზე”, თუმც ასევე ბევრად ჩამოუვარდება “ტროას”. განსაკუთრებით აღსანიშნია იერუსალიმის ალყის კადრები. ხო, მართლა “ალექსანდრეს” მაყურებლებს ვურჩევთ ფილმზე არ წავიდნენ, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური ბრძოლა მხოლოდ ფილმის ბოლოსკენაა, “ზეციური სამყარო” მაინც არ არის გაწელილი და იყურება ერთ ამოსუნთქვაზე.

ერთი სიტყვით ფილმი, რამდენიმე ლაფსუსის გარდა მაინც დადებითად აღიქმება და გირჩევდით მის დიდ ეკრანზე ნახვას. რაც შეიძლება. ითქვას ისტორიულ სინამდვილესთან მიმართებაში სისწორეზე, რომელ ჰოლივუდურ ფილმს აქვს ეს, რომ “ზეციურ სამყაროს” აუცილებლად მოვთხოვოთ, თუმცა ფილმში აღწერილი მოვლენები, ისტორიული თვალსაზრისით ბევრ ფილმს მაინც დიდ ფორას მისცემენ.

ეს საინტერესოა:

  • ისტორიული ბალიანი მართლაც არსებობდა და ხელმძღვანელობდა იერუსალიმის დაცვას, მაგრამ ფილმში აღწერილი მოვლენები­სას იგი 50 წლის იყო;
  • სერ გოდფრი დე იბელინისა და ტიბერიუსის გარდა ყველა ისტორიული პერსონაჟი არსებობდა, სავარაუდოდ ტიბერიუსის პროტოტიპად არის აღებული მეფე ბალდუინის პირველი მინისტრი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რაინდი და პოლიტი­კო­სი რაიმონდ ტრიპოლიტანელი;
  • ფილმში ბალიანის როლს თავიდან რასელ კროუს (“გლადიატორი”, “გონების თამაშები” ) სთავაზობდნენ, მაგრამ მან უარი განაცხადა სხვა ფილმში (“კაცი კონკია”, ( Cindi­rella Men )) დაკავებულობის გამო;
  • თავიდან ფილმის სამუშაო სათაური იყო “ჯვაროსნები”;
  • ფილმი გადაღებულია მოროკოსა და ესპანეთში;
  • “ზეციური სამყაროსთვის” ორლანდო ბლუმმა რეჟისორის თხოვნით ზედმეტი ოცი ფუნტი კუნთოვანი მასა დააგოვა;
  • ფილმი ორლანდო ბლუმისა და რიდლი სკოტის მეორე ერთობლივი პროექტია “შავი ქორის დესანტის” მერე.

დათო კვაჭანტირაძე

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები





კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.